რატომ ებრძვის ივანიშვილი NGO-ებს? - ოლიგარქმა ჩანაფიქრი გათქვა

29.04.24 21:23
რატომ ებრძვის ივანიშვილი NGO-ებს? - ოლიგარქმა ჩანაფიქრი გათქვა

ეშინია თუ არა ოლიგარქს, რომ თუ NGO-ები გადამწყვეტ არჩევნებს დააკვირდებიან, ის ძალაუფლებას დაკარგავს - რას ემსახურებოდა რუსული კანონის დაინიცირება? 

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ, რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე სექტორზე სრული იერიში მიიტანა. 

"ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო"- ირწმუნება ოლიგარქი. 

საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე.

„ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს"- თქვა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მმართველი პარტიების სხვა ლიდერების მსგავსად, სიტყვით გამოსვლისას ახსენა "მეორე ფრონტის" გაცსნის მცდელობა. 

მეტიც, ქართველი ოლიგარქის მტკიცებით, "საქართველო არ არის იანუკოვიჩის უკრაინა".

დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“"- აღნიშნა მან. 

 ქართველი ოლიგაქრქის თქმითვე, შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. ამასთან, ივანიშვილის სიტყვებით, მას სვლების გათვლა კარგად შეუძლია: 

შეიძლება დაისვას კითხვა - რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შეჰქმნოდა.

წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.

ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა"- თქვა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები