ენერგიას ნაადრევად ანიავებენ - ივანიშვილი პროევროპულ აქციებზე
რატომ დაინიცირდა რუსული კანონი? - ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის წინ საკუთარ გათვლებზე საუბრობს და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პროევროპულ აქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ".
ივანიშვილი ამბობს, რომ სწორი გათვლა გააკეთა და კანონის ინიცირებისთვის პერიოდი "იდეალურად" შეარჩია.
როცა ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების მზიანი ხელისუფლებისთვის უხერხულობების შექმნაა, ასეთ პირობებში ცხადია, რომ იგივე ძალები 2-4 წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას შეეცდებოდნენ.
ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ, ამიტომ ლგბტ პროპაგანდისა და ენჯეოების შესახებ კანონების ინიცირებას, ორმაგი სარგებელი ჰქონდა - ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის.
შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული - ამ პროცესებისთვის ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არ გახსნის გამო, ჩვენგან წყენა ისედაც არ აკლია,“ - ამბობს ივანიშვილი.