გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას - კობახიძის ვერსია მიშელთან კომუნიკაციაზე

04.05.24 00:16
გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას - კობახიძის ვერსია მიშელთან კომუნიკაციაზე

"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას", - ირაკლი კობახიძე  შარლ მიშელთან გამართულ სატელეფონო კომუნიკაციაზე საკუთარ ვერსიას X-ზე წერს. 

ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ახსენა ფრაზა:  „2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა“.

ოფიციალური სტატუსის თანახმად, კობახიძემ შარლ მიშელისგანაც მოითხოვა არგუმენტები:   „დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა“.

"გამოვთქვი სინანული, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის", - წერს კობახიძე.

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, შარლ მიშელის განცხადებით გახდა ცნობილი.

მიშელმა X-ზე დაწერა: "საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ისტორიულ შანსი". 

აღსანიშნავია, რომ გუშიუნ, 2 მაისს, საქართველოს პრემიერი რუსულ კანონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს ესაუბრა.

შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას ირაკლი კობახიძემ თავად გაავრცელა. კობახიძემ ვაშინგტონი ფაქტობრივად რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები