"შეფასებები, რომლებსაც ვისმენთ, გადაჭარბებულია" - სარჯველაძე სტრატეგიულ პარტნიორებზე

04.05.24 14:08
"შეფასებები, რომლებსაც ვისმენთ, გადაჭარბებულია" - სარჯველაძე სტრატეგიულ პარტნიორებზე

შარლ მიშელთან ტელეფონით საუბრის შემდეგ, რუსული კანონის მომხრე პრემიერმა დღეს საუბარს დუმილი არჩია. მედიასთან ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მიხეილ სარჯველაძე დასავლეთიდან წამოსული მწვავე გზავნილების მიუხედავად დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბს ვერ ხედავს და ამბობს, რომ შეფასებები სტრატეგიული პარტნიორებისგან გადაჭარბებულია.

განსხვავებულ მოსაზრებებში არავითარი ტრაგედია არ უნდა დავინახოთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამისთვის არსებობს დისკუსია პარტნიორებთანაც, ქვეყნის შიგნითაც და მის უდიდებულესობა ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველთვის. არ მგონია, რომ ისე იყოს მდგომარეობა, რომ რაღაც დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია", - აცხადებს სარჯველაძე.

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, შარლ მიშელის განცხადებით გახდა ცნობილი.

მიშელმა X-ზე დაწერა: "საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ისტორიულ შანსი". 

აღსანიშნავია, რომ გუშიუნ, 2 მაისს, საქართველოს პრემიერი რუსულ კანონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს ესაუბრა.

შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას ირაკლი კობახიძემ თავად გაავრცელა. კობახიძემ ვაშინგტონი ფაქტობრივად რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა. 

კობახიძესთან გამართული მძიმე სატელეფონო საუბრის და ო'ბრაიენის განცხადების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დრო ჯერ კიდევ აქვს, რათა ამერიკა საქართველოს სასწორზე დადებული პარტნიორობა გადაარჩინონ.