"ოცნებისთვის" ადვილი იქნება, გახარიას შეახოცოს ხელი - ხიდაშელი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ გამორიცხავს
"ხელისუფლებისთვის ძალიან ადვილი იქნება დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფ მაშინდელ შს მინისტრს შეახოცოს ხელი და მარტო გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს", - ამ განცხადებას "დღის ამბებთან" თინა ხიდაშელი აკეთებს.
ხიდაშელი 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც "ოცნებამ" დავა წააგო.
უსაფუძვლო არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამ პროცესმა შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე მიიღოს - ამბობს ხიდაშელი და არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი შეეცდება ანგარიშსწორებას და შეეცდება 20 ივნისის ღამის საქმეში სრულად გახარიას დადანაშაულებას.
ხიდაშელი თვლის, რომ გახარია ახლა უნდა ალაპარაკდეს და მოყვეს, რა მოხდა რეალურად გავრილოვის ღამეს. როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, ახლა "ოცნების" ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს ევროსასამართლოს გადაწვეტილების შემდეგ:
იმედი მაქვს, რომ აღსრულებას განახორციელებს ქართული ოცნება, ფინანსური კომპენსაციის ნაწილშიც საკმაოდ მაღალი კომპენსაცია გაითვალისწინა სასამართლომ, რაც საქართველოსთან მიმართებით მიღებულ საქმეებში ასეთი ხშირი არ არის და რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არ არის განსაკუთრებით ის მძიმე შედეგები, რომელიც დადგა - ადამიანებმა თვალი დაკარგეს და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები მიიღეს.
გამოძიება დაიწყება თუ არა და ბრძანებების გამცემები დაისჯებიან თუ არა - დღევანდელი გადასახედიდან, სამწუხაროდ, მოლოდინები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება შერეული გრძნობა ჰქონდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ადვილი იქნება დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფ მაშინდელ შს მინისტრს შეახოცოს ხელი და გახარიას მხოლოდ მარტო მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველაა, ვინც გადაამეტა ძალას და ქვეყანა სტრასბურგამდე მიიყვანა და იქ მარცხი იწვნია სახელმწიფომ, მაგრამ უსაფუძვლო არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამ პროცესმა შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე მიიღოს,“- ამბობს თინა ხიდაშელი.