"ოცნება მოძალადეებს ხელს აფარებს" - ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ

08.05.24 13:38
"ოცნება მოძალადეებს ხელს აფარებს" - ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ

კარლო კაციტაძის უწყებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა, თუ ვინ არიან პოლიციელები, რომლებმაც "მოქალაქეების" ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე კანცელარიასთან იძალადეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, ხელისუფლებას "მოძალადე რეჟიმს, ტერორისტული ორგანიზაცია" უწოდა და ივანიშვილის გუნდი მოძალადეებისთვის ხელის დაფარებაში დაადანაშაულა. 

"თითქმის, 20 დღე გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ და ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ" - ამბობს ელისაშვილი და იქვე ამატებს, რომ პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების გამო, დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს.

მინდა მკაფიო მაგალითი მოგიყვეთ, თუ როგორ იქცა ჩვენი ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად. პირდაპირ ტერორისტულ ორგანიზაცია როგორ გადაიქცა და როგორ აფარებს ის ხელს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას. 17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემზე იძალადა, დაახლოებით, 5-მა პოლიციელმა. კადრებში ჩანს თითოეული მათგანი და ამ საქმის გამოძიება, ამ დამნაშავეების ამოცნობა და დასჯა იყო მარტივი. ჩემ ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიმყოფებოდით.

ამის შემდეგ გავიდა, თითქმის, 20 დღე და რა მოხდა. არც არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის წარუდგენიათ ბრალი და კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც კი არ მცნეს. ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით მიცავს იმუნიტეტი, წესით ხელშეუხებლობის გარანტიები მაქვს, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა ძალადობას ადგილი, რომელზეც ყურს არც ხელისუფლება იბერტყავს და არც საგამოძიებო. ეს საქმის ჩაფარცხვაც კი არ არის. ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ სამარცხვინო, მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა საქართველოს ხელისუფლება", - ამბობს ელისაშვილი.

ექსკლუზივი: ალეკო ელისაშვილზე ანგარიშსწორების პროცესს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებდა: