ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ... - "ოცნება" ისევ ოპოზიციაზე აპელირებს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ ზონდერების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორებების სერიაზე საუბრისას ამბობს, რომ "ყველანაირი ძალადობა მიუღებელია", თუმცა იქვე ოპოზიციაზე იწყებს საუბარს.
რატომ არ გმობთ POS TV-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფას? - მიმართა მან კრიტიკულ მედიას, რომლებიც 8 მაისს განხორციელებულ ძალადობაზე უსვამდნენ "ოცნების" ლიდერებს კითხვას.
ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ბულინგი, მაგრამ აქ ნახეთ რა მდგომარეობაა - თქვენ, როდესაც მაგალითისთვის მომყავს, იმედის ჟურნალისტს, პოსტვის ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.
ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ გამოეყვანათ ეს ადამიანი გმირად, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია...
ჩვენ ხომ გვინდა ყველას, როგორც თქვენ ჟურნალისტებს, ასევე მე, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და, რა თქმა უნდა, უნდა დაიგმოს ეს ყველაფერი. ვსვამ მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად, პოსტივის ჟურნალისტს თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე იმედის ჟურნალისტს"- თქვა მან.
რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.