რატომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებამ გალახა? - მინისტრი 8 მაისის თავდასხმებზე
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ "ხელისუფლების ინტერესში არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება". ზონდერ ჯგუფების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატის, ქართველი დიპლომატისა და სტუდენტის ჯგუფურად ცემის ფაქტზე კომენტარის გაკეთებისას მინისტრი უფრო შორს წავიდა და თქვა: "თუ ვინმეს შეიძლება, აწყობდეს არეულობა - ვინც დგანან მიტინგების უკან".
"ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში განსხვავებული აზრი არ არსებობს. ჰოდა, ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ ეს გალახა, ვთქვათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ?"- თქვა ბრეგაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებს თუ არა მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ქართული ოცნება, ბრეგაძემ თქვა:
"ყველა დაშავებულს მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება. თუკი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს არის ის ადამიანები ვინც დგანან მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა. გამორიცხულია სხვას აწყობდეს. ვისაც უნდა, რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი"- თქვა ბრგაძემ.
რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.