არალეგიტიმური და სამარცხვინო - ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე

13.05.24 10:00
არალეგიტიმური და სამარცხვინო - ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე

არალეგიტიმური და სამარცხვინო - ასე აფასებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომას, რომელიც 1 წუთსა და 4 წამში დასრულდა და რუსული კანონი კომიტეტზე დაამტკიცეს.

დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც თქვეს, რომ მათ არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციამ შეაყოვნა და ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომა, რომელიც 1 წუთი და 6 წამი გაგრძელდა იყო არალეგიტიმური და სამარცხვინო.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩქარობს რუსული კანონის მიღებას და ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას.

„პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები. პარლამენტში უმრავლესობა ატარებს არა ქართველი ხალხის ინტერესებს და ნებას, არამედ რუსეთის დავალებას ასრულებს. მათ[დეპუტატებს] თავისუფლად არც პარლამენტში შემოსვლა და არც გადაადგილება აღარ შეუძლიათ. პუტინისტები საქართველოს პარლამენტში პოლიციური დაცვის ქვეშ იპარებიან. ეს ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, არჩევნებზე”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენ არ მოგვეცა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, კიბეებზე ჩამოვდიოდით, როცა სხდომა დაიწყო, მანამდე პოლიციამ გარეთაც შეგვაყოვნ. არალეგიტიმური, სამარცხვინო სხდომა იყო. პარლამენტი ამ კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმურად, არალეგიტიმური სხდომებით ცდილობს. უკანონობა და არასამართლიანობაა, ის რაც ხდება”, – განაცხადა დენაკოიძემ.

„ხელისუფლება აპირებს, საქართველოს მეორედ გასაბჭოებას ხვალ მოაწეროს ხელი. ისინი [ოცნება] მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამისთვის, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების სახით. მათ უკვე აიღეს საგარეო კურსი რუსეთის მიმართულებით. ამის შეჩერება ერთობას და სიმტკიცეს შეუძლია”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

„1 წუთში დაასრულეს კომიტეტის სხდომა, 1 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ რუსული კანონი. ეს აჩვენებს ოცნების შიშს და ოცნების განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად. დარწმუნებული ვარ, ამას არავინ შეეგუება და ხალხი ამას წინააღმდეგობას გაუწევს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 1 წუტსა და 4 წამში დასრულდა და რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენით დამტკიცებულია, ხვალ კი სესიაზე გაიტანენ. კანონი "ოცნების" დეპუტატებმა სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში დაამტკიცეს, მათი მისამართით ისმოდა "მონებო" შესახილები მომიტინგეების მხრიდან.

სხდომაზე რუსული კანონი "ოცნებამ" ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.