თვალზე, სხეულზე ძალიან ბევრი დაზიანებები ეტყობა, ყვება, რომ უმოწყალოდ ურტყამდნენ - გურამ ადამიას ადვოკატი
"სასტიკად გაუსწორდნენ - ეტყობა თვალზე, სხეულზე ძალიან ბევრი დაზიანებები. ყვება, რომ მას უმოწყალოდ ურტყამდნენ" - ამის შესახებ პარლამენტთან დაკავებული გურამ ადამიას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე საუბრობს.
ტყეშელაძემ დიღმის სამმართველოში მოინახულა დაკავებული, რომელსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორიდან საავადმყოფოში არ გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაუსწორდნენ სასტიკად, სასტიკად გაუსწორდნენ - ეტყობა თვალზე, სხეულზე ძალიან ბევრი დაზიანებები. ყვება, რომ მას უმოწყალოდ ურტყამდნენ, მარტო კი არ ურტყამდნენ, რომ წაიქცა, ფეხით გადადიოდნენ მათზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ეს ადამიანი არის იზოლატორში, არის ცუდად და ექიმს უფიქსირებს, რომ უნდა გადაიყვანონ სასწრაფოთი, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და იზოლატორის ექიმი ცდილობს, რომ არ გადაიყვანონ“ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატები, რომლებმაც მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ დაკავებულებზე სამართალდამცავებმა იძალადეს.
ადვოკატების თქმით, დაკავებულთა დიდი ნაწილი იზოლატორებში ჯერ კიდევ არ არიან გადაყვანილები და ისინი საპოლიციო მანქანებში ჰყავთ სამართალდამცავებს ამ დრომდე. დაკავებულების ნაწილი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.