12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელსა და ვარჰეის ერთობლივი წერილით მიმართავენ

13.05.24 13:19
12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელსა და ვარჰეის ერთობლივი წერილით მიმართავენ

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საკითხზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავს.

ღია წერილი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია, 10 მაისით არის დათარითებული.

მიმართვას ხელს წერენ: ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ - ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია" - წერენ ევროპელი დიპლომატები.

წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მეორედ ინიიცირებული "აგენტების კანონი" შემაშფოთებელი ნიშანია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილებისა.

"ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - წერენ ევროპელი დიპლომატები. 

 ევროპელი პოლიტიკოსები ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოყვება სადაო კანონის მიღებას. 

"ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება" - სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.