"გაოგნებული არიან "ოცნების" ასეთი გადახვევით" - რა გზავნილები მოისმინეს NGO-ებმა EU-ს დელეგაციისგან
ევროკავშირის დელეგაციასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა დასრულდა - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრატეგიული პარტნიორებისგან მწვავე გზავნილები მოისმინეს.
"თუკი "ოცნება" ამ კანონპროექტის კანონად ქცევას გააგრძელებს, საქართველოს ევროპული მომავალი გაჩერდება" - ამბობენ მესამე სექტორში.
NGO-ებმა დასავლელ მეგობრებთან კონკრეტული მექანიზმები განიხილეს, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ რუსული კანონის უკან გაწვევის მიზნით, ივანიშვილის გუნდზე ზეწოლა მოახდინონ.
ამ კანონით წარმოუდგენელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის გზაზე. მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი იყო ქართველი ხალხის დამსახურება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების დიდი აქტიურობის. თქვეს პირდაპირ, რომ თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე პირდაპირ გაჩერდება. ეს იყო მთავარი მესიჯი. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონპროექტი არ იქნას მიღებული, თუმცა ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ მათ არ ხვდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები", - ამბობს ნინო დოლიძე.
შეხვედრიდან გამოსული აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ევროკავშირის დელეგაცია "ქართული ოცნების" საგარეო კურსის ცვლილებით "გაოგნებულია".
ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ევროპელი კოლეგები "აღფრთოვანებულები არიან" ქართველი ხალხის დაუოკებელი და გაუჩერებელი პროტესტით.
ეს არის ორჯერ ორი ოთხი, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის, რადგან ეს არის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კანონი. აღფრთოვანებულები არიან ისინი ქართველი ხალხის სიმამაცით, გამბედაობით, სამოქალაქო ორგანიზების ხარისხით, იმ დემოკრატიული და მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კულტურული პროტესტით, რომელიც ქართველმა ხალხმა ბოლო თვის განმავლობაში აჩვენა. გაოგნებული არიან "ქართული ოცნების" ასეთი გადახვევით. თუ ეს ხალხი აზრს არ შეიცვლის, საქართველო გაეჩხირება რუსეთის კოლონიად", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
"პირველების" ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდის წევრები ევროპელ კოლეგებს არ შეხვდებიან. ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამართავს.