"მადლობა სამართალამცველებს" - პრემიერი ამტკიცებს, რომ ძალოვანები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ
სპეცრაზმელების და პოლიციის მხრიდან დღევანდელი უპრეცედენტო ძალადობის შემდეგ პრემიერი სამართალდამცველებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პრემიერი ამტკიცებს, რომ ძალოვანები ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდრატებით მოქმედებდნენ. ამასთან, კობახიძე, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლიციამ ძალას გადაამეტა, თუმცა აქაც ირწმუნება, რომ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან ესეც სრულ შესატყვისობაში იყო.
გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან 2 და 4 კვირის წინ ვიხილეთ, ვფიქრობ, რომ ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავებს მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის. დღეს დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, - თქვა პრემიერმა.