"ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებისთვის ემზადება - ბოლო გზავნილები სახდეპიდან
რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ხალხის ნება და ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვიოს.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამის შესახებ სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი საუბრობს.
ვედანტ პატელის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში ინტეგრაცია სურს. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, რომ სურს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, პატელის თქმით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა და მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა ამ მიზნებთან.
ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.
ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ განგაშის ზარები, რომლებიც ავამოქმედეთ ნამდვილად საკმარისი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, მაგრამ ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი არამხოლოდ არ შეესაბამება მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს, არამედ რეალურად, ის შესაბამისობაშია ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობებთან, რომლებიც ჩვენ გვინახავს სხვა რეჟიმებში, იქნება ეს კრემლი თუ სხვა," - ამბობს პატელი.
პატელის თქმით, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.