ხვალ საქართველოში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

14.05.24 10:43
ხვალ საქართველოში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

საქართველოს ხვალ სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის" შესახებ. ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან," - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.