პატივს ვცემთ სტუდენტების გადაწყვეტილებას, სააუდიტორიო სწავლება შეწყვეტილია - "ალტერბრიჯის" რექტორის წერილი
პატივს ვცემთ სტუდენტების გადაწყვეტილებას, მიმდინარე კვირაში სააუდიტორიო სწავლება შეწყვეტილია - "ალტერბრიჯის" რექტორი წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სტუდენტების სწორი ღირებულებები და უმაღლესი ხარისხის განათლება იყო და არის ალტერბრიჯის უმთავრესი მიზანი.
ძვირფასო ალტერბრიჯელებო!
პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას სტუდენტების საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიმდინარე კვირაში სააუდიტორიო სწავლება ალტერბრიჯში შეწყვეტილია.
თქვენი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი მზად არის მოხდეს გაცდენილი ლექციების აღდგენა და თითოეულ თქვენგანს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოთ სრულფასოვანი ცოდნა სასწავლო გეგმის შესაბამისად.
გთავაზობთ განრიგს, რომლის მიხედვითაც, ვიმედოვნებთ შევძლებთ საგანმანათლებლო პროცესის განახლებას.
20 მაისიდან - 2 ივნისამდე მოხდება გაცდენილი თემების აღდგენა;
3 ივნისიდან დაიწყება წინასაგამოცდო მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონსულტაციოდ ლექტორებთან შეთანხმებით;
10 ივნისიდან დაიწყება ფინალური გამოცდების კვირეული
ასევე, გაცნობებთ, რომ მზად ვართ ცვლილებებისთვის არსებული ვითარების შესაბამისად.
თქვენი სწორი ღირებულებები და უმაღლესი ხარისხის განათლება იყო და არის ალტერბრიჯის უმთავრესი მიზანი.
ყოველთვის გვიგულეთ თქვენ გვერდით!
გვიყვარხართ!
გვეამაყებით!
გვეიმედებით!
თქვენი #ალტერბრიჯი