უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერა შეთანხმებული არ იყო ჩვენთან - “კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული სტუდენტისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა.
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.
ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა - დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა", - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორები საერთო, რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.