ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის - პაატა დავითაია

14.05.24 18:15
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს  ძალადობის ფაქტები, ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის - პაატა დავითაია

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღება დარტყმას აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აზიანებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს რუსეთის გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.  

დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე,  ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა. შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები. დარტყმა, რომელიც ძალოვანებისგან ხვდება თითოეულ მოქალაქეს, ხვდება მთელ სახელმწიფოს.  ეს მიგვიყვანს უკონტროლო, უმართავ  სიტუაციამდე  რაც  ცუდი შედეგებით დასრულდება  ქართული სახელმწიფოსთვის. 
ახლა  ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედების ერთიანი სტრატეგია,  მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან.  უნდა  მოხდეს კოორდინაცია  პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების, ახალგაზრდების  წარმომადგენლების მხრიდან  კოორდინირებული მოქმედებებისთვის.  ახლა ერთიანობას აქვს  გადამწყვეტი როლი.   ცალკ-ცალკე  დგომა და სეპარატიზმის გამოჩენა მოვლენების მართვაში   გამოიწვევს პროცესის დაქსაქსვას, რაც აწყობს  ხელისუფლებას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მშვიდობიანად  მივიდეთ იმ კონდიციამდე, რომ შეჩერებული იქნას ამ კანონის მოქმედება - აცხადებს პაატა დავითაია.

მსგავსი სიახლეები