კანონპროექტის კოსმეტიკური ჩასწორებით მის სახეს ვერ გამოასწორებთ, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროპულ არჩევანს - ლანდსბერგისი
"კანონპროექტის კოსმეტიკური ჩასწორებით მის სახეს ვერ გამოასწორებთ, რადგან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან" - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.
ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ რუსულ კანონში გარკვეული შესწორებების შეტანას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
"თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს გზას, ამას გარკვეული შედეგები ექნება" - აცხადებს ლანდსბერგისი და ივანიშვილის გუნდს ინიციატივის დაუყოვნებლივ ჩაგდებისკენ მოუწოდებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხდება, ამიტომ ლანდსბერგისი სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
ძალადობისა და პროპაგანდის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საკუთარი ევროპული ასპირაციები დააფიქსირა.ჩვენი მთავარი ამოცანა, თუ რატომ ვიმყოფებით აქ, არის ის, რომ გამოგვეხატა ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერა. ჩვენი მეორე ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლებას გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს გზას, ამას გარკვეული შედეგები ექნება. ის მიღწევები, რომლებიც საქართველომ ნახა, დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული, მაგრამ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით იქნას განადგურებული. ცალსახად მინდა ვთქვა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას. არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება კანონპროექტისა, მის სახეს გამოასწორებს, რადგან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან. თქვენ ვერ გაალამაზეთ იმას, რაც ფუნდამენტურად ჩვენი ღირებულებების საპირწონეა", - ამბობს ლანდსბერგისი.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდებიან.