ავუხსენი ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ვეტოთი ყალბ, ხელოვნურ მოლაპარაკებებში არ შევალ - პრეზიდენტი
ავუხსენი ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ვეტოთი ყალბ, ხელოვნურ მოლაპარაკებებში არ შევალ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ევროპელ მეგობრებს სამომავლო გეგმები გააცნო და ევროპული პლატფრომის შექმნის თაობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას, ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს.
ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, ამ სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო წარსულში.
მე ავუხსენი ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს. იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ყველგან სადაც საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებას სახე გადავურჩინო. დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენს სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე, - განაცხადა პრეზიდენტმა.