ეს კანონია სიმბოლო რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის - ცაჰკნა
საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების მთავარი ობიექტია - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანია.
"ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან" - აცხადებს მარგუს ცაჰკნა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს და იქვე დასძენს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირს მწვავე რეაქცია ექნება.
ევროპელი პოლიტიკოსი დასძენს, რომ ახლა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა სახის მომავალი სურთ ქვეყნისთვის.
ჩვენ ლექციის ჩასატარებლად არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები. ვიცი, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდებარეობაა. ყველა ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე.
ესტონეთს ადარდებს საქართველო ისტორიულად და დღესაც. ჩვენ ქართველი ხალხის ბედი გვადარდებს. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერთ ათწლეულების მანძილზე.
ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას. ეს კანონია სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება რეაქცია.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართველების ადგილი ევროკავშირშია და ხალხზეა დამოკიდებული რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის" - ამბობს მარგუს ცაჰკნა.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდებიან.