ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს პრაგმატულ ნაბიჯებს, გვინდა გავიგოთ, ეს კანონი რატომ უნდა შემოღებულიყო ახლა - ბრაჟე
ევროპელი პოლიტიკოსები "ქართული ოცნებისგან" განმარტებებს ითხოვენ - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სთხოვს, ახსნან, რატომ დააინიცირეს რუსული კანონი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
ბაიბა ბრაჟე ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის ქმედებებს ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული რეაქცია მოჰყვება - "კიდევ არის კანონპროექტები, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები" - ამბობს ბრაჟე და იქვე ამატებს, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება "პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს".
ევროპელი პოლიტიკოსი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასაც ეხმაურება და ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი მისი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სურვილი. ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებმა, ფინანსური პოლიტიკური კაპიტალი გავიგეთ, რომ ამ ამოცანის განსახორციელებლად დავხმარებოდით. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზა. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს პრაგმატულ ნაბიჯებს, რომ მოერგოს მისი სასამართლო სისტემა, მისი აღმასრულებელი აღჭურვა ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება ამის შესრულება. გვინდა გავიგოთ, ეს კანონი რატომ უნდა შემოღებულიყო ახლა. გავიგეთ ინფორმაცია ვეტოს შესახებ, რომელიც იქნება გამოყენებული. კიდევ არის კანონპროექტები, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ხალხის მიმართ, ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება", - ამბობს ბრაჟე.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდებიან.