"ვუთხარით, რომ კანონისთვის კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება არაევროპულია" - პაპუაშვილი ევროპელ კოლეგებს შეხვდა
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი რუსული არ არის და მისი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, გამჭვირვალობაა.
"ჩვენ ვუთხარით, რომ კანონისთვის კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება არაევროპულია" - ამბობს პაპუაშვილი და იქვე დასძენს, რომ მზად არის, კანონპროექტის არ მიღებასთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგების არგუმენტაცია მოისმინოს.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნება.
ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე, საფუძველზე. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ვუთხარით, რომ მათ ხელშია უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან.
რაც შეეხება თავად კანონს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიცირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს. ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევაა. თუკი ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით მზად, ამის იქითაც მზად ვართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს და ამ წუთებში ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდებიან. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა შეხვდებიან.