ხელისუფლების განცხადებები მათ მენტალურ მდგომარეობაზე კითხვებს აჩენს - გიორგი ქობულია
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაანონსება, მათივე ქმედებებით არის გამოწვეული. ქობულია პირდაპირ ამბობს, რომ საუბარი შეთქმულებებზე და ივანიშვილის მილიარდებზე პრემიერის მხრიდან ობრაიენთან, არასერიოზული და შოკისმომგვრელია და მთავრობის მენტალურ მდგომარეობაზე კითხვებს აჩენს.
მემგონი, აბსოლუტურად ცხადად ბრძანა ობრაიენმა, რომ არის ძალიან დიდი რისკი იმის, რომ არა მარტო შეჩერდეს დახმარებები, არამედ აგრეთვე იყოს განხილული ინდივიდუალური სანქციები. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წარმომადგენელს აშშ-სი ესაუბრება რაღაც შეთქმულებების თეორიებზე, გლობალური ომის პარტიაზე, იმაზე, რომ თურმე ბატონ ივანიშვილს ფულს არ ატანენ შვეიცარიის ბანკიდან, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური ომის პარტიის დავალება, ეს იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს ჩვენი ხელმძღვანელობის მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის შოკისმომგვრელი განცხადებები, რაც, პრაქტიკულად, იწვევს ძლიან დიდ ეჭვს, საერთოდ, შეიძლება თუ არა სერიოზულად ესაუბრო ამ ხელისუფლებას, - ამბობს გიორგი ქობულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.