აშშ, EU და 15 ქვეყანა: კანონი ასახავს პუტინის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს
„უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას - ამის შესახებ სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მიმართვაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის მიღებით საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის ევროპულ მიზანს.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს - აცხადებენ 15 ქვეყნისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოების წევრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები და აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა კანონის მიღებაზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე აუცილებლად დაეკისრება მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.
„მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა და ქართველებმა ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას.
პატივსაცემი ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ეს კანონი გამოწვევაა ასეთი ღირსეულ ძალისხმევისთვის და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე - ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოსადმი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, სრულიად განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი მტკიცე ერთგულება მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა. ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ!", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერებს შორის არიან აშშ-ის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის 16 კანონმდებელი.