საქართველო ღიაა დისკუსიისთვის ევროპელ პარტნიორებთან და მზადაა იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ - სამხარაძე
"ქართული ოცნების" წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გავლენიან გამოცემა "BBC"-ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა - სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი კვლავ ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის გუნდის რეინიცირებული კანონი რუსული არ არის.
"ამ კანონებს შორის არანაირი მსგავსება არ არის" - აცხადებს სამხარაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და განმარტავს, რომ რუსული კანონი "ინდივიდუალურ პირებს კრიმინალურ ბრალდებებს უწესებს, ხოლო ქართული კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოიაზრებს".
სამხარაძე საერთაშორისო მედიასთან საუბრის დროს ამტკიცებდა, რომ "ქართულ ოცნებას" საგარეო კურსი არ შეუცვლია. მეტიც, ივანიშვილის გუნდის წევრი დასავლელ პარტნიორებს ღია დისკუსიისკენ მოუწოდებს.
"საქართველო მზადაა იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, რაც ამ კანონს შესაბამისობაში მოიყვანს ევროპულ დირექტივებთან" - დასძენს სამხარაძე.
ამ კანონებს შორის არანაირი მსგავსება არ არის. პირიქით, რუსულ კანონს აქვს მკაცრი წესები, რომელიც ინდივიდუალურ პირებს კრიმინალურ ბრალდებებს უწესებს და ხურავს და აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკრძალავს ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ეს არის რუსული კანონი. მე ახლა აღვწერ რუსულ კანონს. ქართულ კანონს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომ მათ, წელიწადში ერთხელ, მოახდინონ მიღებული და დახარჯული თანხების დეკლარირება. სულ ეს არის. მეტი სხვა მოთხოვნა არ არსებობს...
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ძალიან გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას და ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით მონაწილე მხარე სახელმწიფოთა იმ ჯგუფისა, რომელმაც მიმართა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელმა გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ის დანაშაულები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმას, რომ ჩვენ მოვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობას, არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან. ეს არაფერ კავშირშია საგარეო პოლიტიკასთან. ეს ეხება იმას, რომ ჩვენ გვქონდეს სრული სურათი და სრული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისათვის, თუ როგორ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულნი, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. შეიძლება ისინი რუსეთიდან ფინანსდებიან, შეიძლება ისინი სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი“, - აღნიშნა სამხარაძემ.