კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა - ირაკლი კობახიძეს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
შეხვედრები ასევე პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.