მივმართავ სახალხო დამცველს, გამოაქვეყნოს სრული ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით - ბუაძე
სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეები და უმოწყალოდ ნაცემი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები - "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, საბა ბუაძე სახალხო დამცველს მიმართავს და ომბუდსმენის აპარატს დაკავებულებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ნიღბებს ამოფარებული სამართალდამცველები კანონის წინაშე პასუხს სრული სიმკაცრის დაცვით აგებენ.
"პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება ივანიშვილის და მისი მარიონეტების მიმართაც" - ამბობს ბუაძე და იქვე დასძენს, რომ ძალადობრივ ქმედებებში მხილებული თითოეული პირი დაისჯება.
"ლელოს" წარმომადგენელი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ხელისუფლების პანიკურ და აგონიურ რეაქციად" აფასებს.
ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია. ეს არის ძალიან ცალსახა ხაზგასმა იმისა, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ზუსტად ამას უკავშირდება ის ძალადობა და ძალადობის მცდელობები, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ და ამიტომაც, პირველ რიგში, მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ გამოაქვეყნოს სრული ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი არის დაკავებული, უნდა ვიცოდეთ, როგორი არის მათი მდგომარეობა და ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან უნდა ვიცოდეთ, რეალურად რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ის ძალიან ბევრი ძალადობის შემთხვევა, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ბოლოს, თითოეულმა პოლიციელმა, თითოეულმა ფორმიანმა ადამიანმა და საჯარო სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მათზე არის პასუხისმგებლობა, არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის თანამონაწილეები.
სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც დიახაც, არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ნაწილი და არავის ეგონოს, რომ ნიღბებს ამოეფარებიან და ამით გაექცევიან პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება ივანიშვილის მიმართაც და მისი მარიონეტების მიმართაც, მაგრამ ასევე დადგება თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ძალადობს ქართველ ახალგაზრდობაზე, სკოლის მოსწავლეებზე, მათ შორის, სტუდენტებზე მათი თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის გამო. ეს ტერორის მცდელობა იქნება ფუჭი იმიტომ, რომ ვხედავთ,რომ ახალგაზრდობას ეს ვერ გააჩერებს. ამ ქვეყანაში საქართველოს გადარჩენის საქმეს ეს ვერ გააჩერებს, ამიტომაც ყველას ვალდებულებაა, იდგეს მორალურადაც და სამართლებრივადაც სწორ მხარეს", - ამბობს ბუაძე.