დეპუტატები საგამოძიებოს - გამოიძიეთ ძალადობის ქეისები

16.05.24 15:53
დეპუტატები საგამოძიებოს - გამოიძიეთ ძალადობის ქეისები

საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში - ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. 

ქალი დეპუტატები კოკა კაციტაძისგან ითხოვენ,  აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალები გაასაჯაროოს. დეპუტატებია აღნიშნავენ, რომ კაციტაძე ვალდებულია საზოგადოებას ამ საკითხზე ანგარიში წარუდგინოს.

ოპოზიციას აინტერესებს: 

  • შედგა თუ არა თითოეულ დაკავებულზე დაკავების ოქმი,
  • კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში. სადაც მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.
  • ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები.
  • ვინ და ზუსტად რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა კლინიკაში მიყვანის ფაქტი.
  • ვინ დაიკითხა და დაიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეებზე

აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ყველა ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში, - თქვა მედიასთან ხატია დეკანოიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა, ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელები მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ყველა ეს ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

თამარ კორძაიას თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვალდებულია, რომ საჯაროდ გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეებზე გამოძიება.

„მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს - დროა გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ზუკა ჩხირკვია, ავთო მესხი, ლუკა ლაფერაშვილი, მინდია გაბაძე, დავით თამაზაშვილი (თუ ვინმე გამომრჩა ბოდიში). ეს მისი პირდაპირი ფუნქციაა, რომ ამ ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს, თუ რას ახორციელებს. ასევე, ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი - სპეციალური სამსახურების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამ საკითხების გამოძიება არის ზუსტად, კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია. ამიტომ მოვითხოვ საჯარო ბრიფინგი ჩაატაროს და შემდეგ კითხვებს პასუხი გასცეს: შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი? კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში? ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები (სახელებით და გვარებით)? როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმიდან, ასევე, პოლიციიდან? ვინ და ზუსტად რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად? რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა საავადმყოფოში მიყვანის ფაქტი? ვინ გამოიკითხა ან დაიკითხა ამ საქმეებზე? ყველა ამ „ქეისთან“ დაკავშირებით უნდა არსებობდეს შექმნილი და შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. კოკა კაციტაძე გამოვიდეს და საზოგადოებას აცნობოს, რომელ „ქეისზე“ რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კორძაიამ.

 

მსგავსი სიახლეები