გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს - რას ედავება გამოძიება შპს "ლიმონის" დამფუძნებელს

16.05.24 17:34
გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს - რას ედავება გამოძიება შპს "ლიმონის" დამფუძნებელს

გიორგი ოკმელაშვილს ბრალის დადგენილება გააცნეს. შპს "ლიმონის" დამფუძნებელს არა მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმას, არამედ მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვასაც ედავებიან.

ადვოკატის თქმით, ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავების დროს იყო გარკვეული ძალადობა - უხეში ფორმებით დააკავეს. დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე. ბრალი არის 353 პრიმას პირველი და 260-ის პირველი - გარკვეულ აბებთან დაკავშირებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება. გარკვეული უცნობი აბია ამოღებული, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ მცირე ოდენობით ნარკოტიკების შენახვას ედავებიან,“ - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ვიდეო წარმოების კომპანია "ლიმონში" კრიმინალური პოლიცია გუშინ, 15 მაისს შევიდა.  

საგამოძიებო მოქმედებები ქსნის და ჭონქაძის ქუჩებზე გვიან ღამემდე გრძელდებოდა. სამართალდამცველებმა კომპანია "ლიმონის" შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები, ხოლო ოკმელაშვილის სახლიდან მისი კუთვნილი ტანისამოსი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკა ამოიღეს.

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები "ლიმონის" ოფისში მიმდინარეობდა, გამომძიებლებმა ადგილზე უფლებადამცველი მოგვიანებით შეუშვეს და ჩხრეკის პროცედურაში დასწრების უფლება მისცეს.

თუ რისთვის სჭირდება ძალოვან უწყებას ნივთმტკიცების სახით დაკავებულის პირადი ნივთები, გიორგი ოკმელაშვილის უფლებადამცველებისთვის უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები