გეგელია დარჩიაშვილს: ჩვენთან დგანან ევროპელი საგარეო მინისტრები, დარჩიაშვილის გვერდით ლავროვი და პესკოვი
"ჩვენთან დგანან ევროპელი საგარეო მინისტრები, დარჩიაშვილის გვერდით ლავროვი და პესკოვი", - ამ სიტყვებით მიმართავს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.
გეგელია დარჩიაშვილს აკრიტიკებს 4 ქვეყნის საგარეო მინისტრების ანტირუსულ აქციაზე გამოჩენასთან დაკავშირებული განცხადების გამო.
ვიშის კაპიტულანტი რეჟიმის საგარეო კომისარი დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუღებელია საგარეო მინისტრების მონაწილეობა „ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში“. პირველ რიგში, რუსეთის საგარეო კომისარ დარჩიაშვილს ვურჩევდი შეიგნოს, რომ ეს აქციები ოპოზიციის კი არა, ქართველი ერის მიერ არის დაორგანიზებული. „საქართველოს გაზაფხულის“ ამ ისტორიულ დღეებს სათავეში უდგას 300, 000 ქართველი პატრიოტი მოქალაქე და ლიდერი. მეორეც, მიუღებელი და გაუგონარი თუ რამეა, ეს არის ხელისუფლების გასვლა კონსტიტუცური ჩარჩოებიდან და ერისა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი.
დღეს სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა დგას ქართველი ერის გვერდით. წუხელ ჩვენი მოძმე სახელმწიფოების საგარეო მინისტრებიც სწორედ ქართველი ერის მხარეს იდგნენ ფიზიკურად. ვინ დგას დარჩიაშვილის გვერდით? ლავროვი და პესკოვი! საქართველოს მტრების გარდა, არავის უხარია რუსული კანონის მიღება.
გუშინ შარლ მიშელმა ღიად თქვა, რომ ქართული ოცნება რუსეთის მსახური ხელისუფლებაა. მიშელის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოს რელსებიდან გადასაყვანად, ხოლო ევროპული კავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. სხვა სიტყვებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას ღიად
უწოდა რუსები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპა დგას ხალხის გვერდით - იმ ხალხისა, ვისაც ევროკავშირმა კანდიდატობა მიანიჭა და ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებით, იბრძვის ევროპული კავშირის წევრობისთვის.რაც ეხება რუსების კომისარ დარჩიაშვილს, მას ვპირდები, რომ ისტორიაში შევა, როგორც მოღალატე საგარეო მინისტრი, ვის დროსაც განხორციელდა რუსული სპეც-ოპერაცია საქართველოს საგარეო ვექტორის ძირის გამოსათხრელად," - ამბობს გეგელია.
"მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.