პრეზიდენტი: ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან წინ არჩევნებია

17.05.24 14:35
პრეზიდენტი: ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან წინ არჩევნებია

"ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში. იმ ზომებს და მიმართულებას, რომელსაც იღებს ხელისუფლება, არ მივყავართ სწორი გზით," - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრობს.

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტნიორებს ომი გამოუცხადა და ეს ჩანდა მის გამოსვლაშიც.

რაც შეეხება აქციებს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომიტინგეების პროტესტი მშვიდობიანია, თუმცა შემაშფოთებელია სპეცრაზმის მხრიდან ძალადობა.

მთავარი კი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია - როგორც ზურაბიშვილი ამბობს, "ქუჩაში ხალხის მიერ გამოხატული მკაფიო ნების შემდეგ გვჭირდება მკაფიო დემონსტრირება არჩევნებზეც".

ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში. იმ ზომებს და მიმართულებას, რომელსაც იღებს ხელისუფლება, არ მივყავართ სწორი გზით, ამიტომ ხედავთ ათასობით დემონსტრანტს ქუჩაში 38-ე დღეა. ეს მეტყველებს მთავარ პრობლემაზე, რომ ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი. არსებობს შეშფოთება საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან ოქტომბერში არჩევნებია.

ვფიქრობ, ქუჩაში ხალხის მიერ გამოხატული მკაფიო ნების შემდეგ გვჭირდება მკაფიო დემონსტრირება არჩევნებზეც, რომ გზა, რომელიც გვინდა, ევროპისკენ მიდის და არა პირიქით. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ამას ვამბობ, რადგან მეც ვუერთდები მათ.

მთელი ამ აქციების განმავლობაში ვანდალიზმის არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა, ეს აჩვენებს რა სახის აქციები იმართება. ხალხი მღერის, ცეკვავს, მაგრამ პოლიციის, კერძოდ სპეცრაზმის მხრიდან ძალადობამ ყოველთვის შეიძლება მოახდინოს ესკალაცია, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და პარტნიორებმა მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, შეაჩერონ ხალხის დაშინება და დაკავება. საქართველო 1801 წლიდან იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენთვის ნათელია, ვის სურს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, ამიტომ არის ასეთი დიდი მხარდაჭერა ევროპული მომავლის მიმართ.

ვერ გეტყვით, რატომ სურს მმართველ პარტიას ამ კანონის მიღება. ეს რომ არ მიეღოთ, შეიძლება არჩევნებშიც გაემარჯვა. დეკემბერში, მათი ნარატივი იყო, რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, მოულოდნელად კი ვისმენთ იმას, რაც პარტიის ლიდერმა ივანიშვილმა განაცხადა 29 აპრილს თავის გამოსვლაში, რაც ჩვენი დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მიმართ ომის გამოცხადება იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები