ჩუმად ჩამატებული რეპრესიული ცვლილებები "ოცნების" რუსულ კანონში - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

17.05.24 17:19
ჩუმად ჩამატებული რეპრესიული ცვლილებები "ოცნების" რუსულ კანონში - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური თაღლითობა "ქართული ოცნებისგან" - ივანიშვილის პარტიამ რუსულ კანონში პირველი რეპრესიული ცვლილებები ჩუმად შეიტანა. ირკვევა, რომ 67 წამში დამტკიცებულ კანონში, რომლის განხილვასაც ოპოზიცია არ დაასწრეს, ჩუმად ახალი პუნქტები ჩაამატეს.

პაპუაშვილის მტკიცებით კი, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩაემატა.

„ხედავთ, თურმე, რატომ ყოფილა კარგი, რომ იკითხონ კანონი, იკითხონ პროექტი, უსმინონ და დაესწრონ მოსმენებს. სანამ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და „ენჯეოები“ მაგიდაზე ბრახუნით იყვნენ დაკავებული, ყვირილით ცდილობდნენ დისკუსია ჩაეხშოთ, მათ რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი. ამ საკითხზე, რაზეც საუბრობთ, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს იყო საუბარი და ეს საკითხი დასმული. ტყუილია, თითქოს, ამ ჩანაწერებით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა საუბარი, აბსოლუტური ტყუილია. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ, ამერიკული მიდგომა აშკარად ძალიან მკაცრია, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან. ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი, ეს გულისხმობს, მაშინ, როცა ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, პირებს ვალდებულება აქვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ბრახაბრუხი, ყვირილი ურჩევნია. მეორე მოსმენა 2 კვირის წინ იყო, 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა... ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია. არიან ორგანიზაციები, რომელთაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ. ამაში არაფერი იცვლება, საუბარია იმაზე, რომ ამის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, სათანადო ინფორმაციის მოპოვება იყოს შესაძლებელი... სინამდვილეში, კანონი ბოლომდე ოპოზიციას წაკითხული არ აქვს, არც თქვენ გაქვთ წაკითხული და შინაარსი არავის აინტერესებს, თქვენ გაინტერესებთ ამაზე ყვირილი, იყურებით საზღვარგარეთ, რომ უცხოეთიდან რამე განცხადება იყოს, რომ მერე ამაზე აყვირდეთ, ეს არის სამწუხარო რეალობა. ქართველები იყურებიან, რას იტყვის რომელიმე დეპარტამენტი და რომელიმე პოლიტიკოსი უცხოეთიდან. ვისაც აქვს სურვილი, ის ისმენს და ჩართულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი იტყობინება.

ბრაჭველის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ჩანაწერი არც ინიციირებულ და არც მეორე მოსმენისას წარდგენილ ვარიანტში არ ყოფილა.

სწორედ ამ ნორმის განმარტებისას ამბობს იურისტი, რომ ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

გარდა ამისა, საბა ბრაჭველი აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:

  • „მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.

პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:

  • „მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
  • სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
  • მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.

მსგავსი სიახლეები