ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა იურიდიული კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალად - ბესელია
ახალი ნაღმები რუსულ კანონში და ეკა ბესელიას მწვავე კრიტიკა ხელისუფლებას - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევას უწოდებს.
ბესელია განმარტავს, რომ ივანიშვილის გუნდმა რუსულ კანონში ცვლილებები ჩუმად, ყოველგვარი განხილვისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დისკუსიების გარეშე შეიტანა.
ბესელია "პოლიტიკური ამბების" ეთერში იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროექტის მოსმენებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ "ოხანაშვილმა საშინელი, ინკვიზიციური სხდომა ჩაატარა. ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალად".
ეს არის კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევა. ისე დაამატეს, რომ არ გაუვლია განხილვა, კომიტეტი, არ მომხდარა დისკუსია და სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თან ეს არ არის მხოლოდ მუხლობრივი განხილვა, ეს მათ შორის, პრინციპულ საკითხსაც ეხება. ფიზიკურ პირს შეეხება თუ არა, ეს პრინციპული საკითხია. ეს არის უხეში დარღვევა კანონის მიღების წესის. ვენეციის კომისიას გაუგზავნეს სხვა ვერსია. ევროპის საბჭოს ოფისი, რომელიც უგზავნის ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტს, უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან უნდა გაიგზავნო ის ვერსია, რომელიც ახლა ასე ვერაგულად მიიღეს და ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს", - ამბობს ბესელია.
„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი იტყობინება.
ბრაჭველის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.
მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ჩანაწერი არც ინიციირებულ და არც მეორე მოსმენისას წარდგენილ ვარიანტში არ ყოფილა.
სწორედ ამ ნორმის განმარტებისას ამბობს იურისტი, რომ ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
გარდა ამისა, საბა ბრაჭველი აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.
მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:
- „მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.
პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:
- „მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
- სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
- მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.