ჩემი აზრით თავდასხმა სურდათ, უბრალოდ ცოლ-შვილთან ერთად ვიყავი - ინტერვიუ ირაკლი ფავლენიშვილთან
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ჩასაფრებების სერია გრძელდება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი "დღის ამბების" ეთერში დეტალურად ყვება, თუ როგორ მოუწყო ჩასაფრება მოძალადეთა ჯგუფმა.
ფავლენიშვილი ამბობს, რომ დღეს დილით, დაახლოებით, 12 საათზე, მის საცხოვრებელ კორპუსთან ხუთი სპორტულად ჩაცმული, ნიღბიანი პირი მივიდა, რომლებიც მას სიტყვიერად დაემუქრნენ.
"ჩემი აზრით თავდასხმა სურდათ, უბრალოდ ბავშვი მეჭირა ხელში" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი იმიტომ არ გახდა, რომ იმ წუთებში ცოლ-შვილთან ერთად გადაადგილდებოდა.
ენმ-ის წევრის ცნობით, მუქარის მიზეზი პოლიტიკური საქმიანობა და გაცხადებული სამოქალაქო პოზიცია იყო.
დილით, 12 საათზე ბავშვი აცრაზე მიმყავდა და ჩავდიოდი სახლთან და სადარბაზოსთან შევნიშნე 5 სპორტულად ჩაცმული, 40-წლამდე მამაკაცები, რომლებსაც პირბადეები ეკეთათ. მოვიდნენ, უბრალოდ ვერ მიხვდნენ, რა ექნათ. ჩემი აზრით თავდასხმა სურდათ, უბრალოდ ბავშვი მეჭირა ხელში და 1 წლის ბავშვთან ერთად პირდაპირ არ დამესხნენ თავს. როცა გავცდი მათ, ერთი დამედევნა. დამიძახა ირაკლიო და შევტრიალდი. რომ მითხრა, მოდიო, ბავშვთან ერთად ვარ-მეთქი, მერე შეგიძლიათ მნახოთ - მეთქი. როგორც მივხვდი გვერდზე გაყვანას მთხოვდა. ფიზიკურად ვერ გავიდოდი, რადგან ბავშვთან ერთად ვიყავი და ჩემი მეუღლეც იქვე იყო. როცა ვუთხარი, სად უნდა გამოგყვე - მეთქი, დაიჟინა ამ პიროვნებამ და ჩემ მეუღლეს ბავშვი მივაწოდე. მივედი ამ პიროვნებასთან ახლოს და ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ ხმაურზე. ერთადერთი რაც მოასწრო ამ პიროვნებამ არის ის, რომ დამემუქრნენ სიტყვიერად. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და აქტიურობა იყო მიზეზი ამის. მუქარა იყო, რომ ვიცით, სადაც ცხოვრობ.