კობახიძის შემდეგ ღარიბაშვილიც: აუცილებელია ახალგაზრდებთან დიალოგი
პრემიერის შემდეგ, ახლა უკვე ღარიბაშვილიც ამბობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ახალგაზრდებთან დიალოგი აუცილებელია.
"საჭიროა, სიტუაციის დამშვიდება" - ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე და იქვე ამატებს, რომ ევროპული მომავლის დასაცავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდგომებს შორის "პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდებიც" არიან.
ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებაც და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებაც, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. ეს არაერთხელ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია სიტუაციის დამშვიდება. ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ახალგაზრდა, ჩვენი გულანთებული ახალგაზრდა თაობა. მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კობახიძემ გავრცელებულ წერილში განაცხადა: "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ".