ევროკავშირის ელჩი საქართველოში: "გაიწვიეთ ეს კანონი"

18.05.24 19:46
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: "გაიწვიეთ ეს კანონი"

"გაიწვიეთ ეს კანონი" - ე.წ. აგენტების კანონის გამო შექმნილი კრიზისისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს

ელჩის თქმით, "საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის". 

  • ... არის გაურკვევლობის მომენტი. იმედი მაქვს, მიიღება გადაწყვეტილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო კიდევ ერთხელ გახდება მოწინავე [ქვეყანა] ამ მარათონში, ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ტალღაში მოსახვედრად"- ამბობს დიპლომატი.

მისი თქმით, რუსულ კანონს და მის გარშემო შექმნილ პროცესებს "არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან" და პირიქით, დიდ შეზღუდვებს უქმნის მედიისა და საზოგადოების თავისუფლებას.

"რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა", - თქვა მან.

ევროკავშირის ელჩმა სანქციებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღებას "შედეგები მოჰყვება," თუმცა დაამატა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

"ამერიკის ხმის” ჟურნალისტის, ანი ჩხიკვაძის კითხვაზე: როცა ერთ დღეს გეძახიან გლობალური ომის პარტიას, მეორე დღეს კი მათ გვერდით გხედავთ, არ ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი შეშფოთება გაითვალისწინოს? დიპლომატი აცხადებს: 

მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაშიყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი"- აღნიშნავს ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან ვრცლად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები