ოფშორების კანონის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს რუსული კრიმინალური ფულის და კაპიტალის გასარეცხ სივრცედ - ნაცვლიშვილი
"ოფშორების კანონის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს რუსული კრიმინალური ფულის და კაპიტალის გასარეცხ სივრცედ და საცავად", - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს.
ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. ოფშორების კანონთან დაკავშირებით გადალახავს და შემდეგ რუსულ კანონს მოიშველიებს მარებს კრიტიკოსების გასაჩუმებლად.
ოფშორების კანონის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს რუსული კრიმინალური ფულის და კაპიტალის გასარეცხ სივრცედ და საცავად და შემდეგ რუსული კანონის მეშვეობით გააჩუმოს და გაანეიტრალოს ყველა ის პირი, რომელიც შეეწინააღმდეგება საქართველოს გადაქცევას რუსული კრიმინალური კაპიტალის სამრეცხაო ტერიტორიად. მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნების რუსული გეგმა ოფშორებთან დაკავშირებით გაგრძელდება და მას ვეტო ვერ დაამუხრუჭებს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით 19 აპრილს დაამტკიცა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.