ივანიშვილი ყველას მიგვიჩნევს, როგორც თავის საკუთრებას და უნდა, რომ მოგვექცეს, როგორც შინაური ცხოველების ცუდი პატრონი - ბოკერია

20.05.24 12:29
ივანიშვილი ყველას მიგვიჩნევს, როგორც თავის საკუთრებას და უნდა, რომ მოგვექცეს, როგორც შინაური ცხოველების ცუდი პატრონი - ბოკერია

"ის ამ ქვეყანას და ყველას ჩვენ მიგვიჩნევს, როგორც თავის საკუთრებას და უნდა, რომ მოგვექცეს, როგორც შინაური ცხოველების ცუდი პატრონი," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.

ბოკერია ე.წ. ოფშორების შესახებ კანონს ეხმაურება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ახლა "ოცნება" მის გადასალახად ემზადება. 

გვეუბნება, დამასანქცირესო, ჩადო ფული სადღაც, დაკარგა, პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი სამშობლოს მომავლით ვაჭრობს საკუთარ ქონებაზე და ეს კანონიც ამისთვისაა, ის ამ ქვეყანას და ყველას ჩვენ მიგვიჩნევს, როგორც თავის საკუთრებას და უნდა, რომ მოგვექცეს, როგორც შინაური ცხოველების ცუდი პატრონი,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით 19 აპრილს დაამტკიცა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს. 

მსგავსი სიახლეები