მთელ მსოფლიოს თუ მასონები მართავენ, რაღა ჩვენ გვმართავს ჭორვილელი ჯაყო - ბუაძე
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, საბა ბუაძე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას უერთდება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირიდან "ქართული ოცნების" წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მარიამ ლაშხს "აღზევებულ ბრიყვ დეპუტატს" უწოდებს.
საბა ბუაძე ხელისუფლების მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაჟღერებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული პოზიცია ქართველი ოლიგარქის "პრიმიტიული წარმოდგენებია".
"მთელ მსოფლიოს თუ მასონები მართავენ, რაღა ჩვენ გვმართავს ჭორვილელი ჯაყო" - ამბობს ბუაძე და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის მომავალს ყიდის.
ეს არის ივანიშვილის პრიმიტიული წარმოდგენების გაჟღერება. ივანიშვილის წარმოდგენები როგორი არის საერთაშორისო პარტნიორებზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როდესაც მასონებზე ალაპარაკდნენ მისი მოლაპარაკე თავები. ეს არ არის ვიღაც ერთი აღზევებული ბრიყვი დეპუტატის განცხადება. ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება და გახმოვანება, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე ისმის. ივანიშვილი ამ სიგიჟეებს ლაპარაკობს. მთელ მსოფლიოს თუ მასონები მართავენ, რაღა ჩვენ გვმართავს ჭორვილელი ჯაყო. ივანიშვილი მსოფლიოს ზუსტად ისე უყურებს, რომ თითქოს, შეთქმულება აქვთ მის წინააღმდეგ. თვლის, რომ შეუძლია ევროკავშირს და აშშ-ს ჩვენი მომავლით და ხვალინდელი დღით ევაჭროს. ამით აჩვენებს, თუ რამდენად პრიმიტიულია მისი წარმოდგენები", - ამბობს ბუაძე.