სამართლებრივი მსჯელობის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები - კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

22.05.24 11:51
სამართლებრივი მსჯელობის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები - კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

არგუმენტების ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები - ასე ეხმაურება ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნას თბილისის მერის, კახა კალაძე

კალაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოადგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც, მისი მტკიცებით, ფაქტები დამახინჯებულია.

„გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის რაიმე არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული. თუმცა, არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, თურმე ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. რა საკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა, ამის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა და არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

 

მსგავსი სიახლეები