"ქართული ქარტია" - პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს

26.05.24 21:36
 "ქართული ქარტია" - პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს

პრეზიდენტი გადამწყვეტი არჩევნების წინ, ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ქარტიას" და სამოქმედო გეგმას სთავაზობს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ საგანგებო მიმართვისას თქვა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობითა და სტაბილურობით უნდა მივიდეს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა სწორედ "ქართული ქარტიის" ირგვლივ გაერთიანებაა, რომლის პუნქტების შესრულებაც, მისი თქმით, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაა აუცილებელი. 

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეალურად, არჩევნები იქნება სახალხო რეფერენდუმი, გვინდა თუ არა ევროპა.

გადავწყვიტე ამ დღეს წარმომდგენია ერთგვარი სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არაა მხოლოდ ევროინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

წარმოგიდგენთამ სამოქმედო გეგმას. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს ამ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიისადმი ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა მე გეტყვით რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე, ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ.

თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, იმის მერე რაც ხელს მოაწერენ ამ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება, ეს უკვე მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი მოცემულობა არ იძლევა საშუალებას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის რას ვაძლევთ ხმას. ეს არჩევნები, რეალურად, იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა, - განავცხადა პრეზიდენტმა.   
 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ,ქართული ქარტია" სრულად უპასუხებს ევროკავშირის 9 პუნქტს. პრეზიდენტმა ის სფეროები ჩამოთვალა, სადაც ცვლილებები გატარდება. საუბარია სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, შსს-ს და სუსის ძირეულ რეფორმებზე, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებაზე, ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, მათ შორი, საუბარია რუსულ კანონზე. პრეზიდენტის თქმით, ქარტიის ფარგლებში 2024 წლის  აქციებზე პოლიტიკურად მოტივირებულ ყველა საქმეს ამნისტია შეეხება.