პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას - ნიკა გვარამია
პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცადებს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმად წარადგინა, სწორი აქცენტებია დასმული და მისაღებია.
"ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.
განახლება - "პარტია „ახალმა" ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.
ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს.
ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.
ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროცესებში," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.