ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა - კალაძე
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ იცნობს - კალაძე "ხარებას" მიერ გაჟღრებულ მუქარაზე არ საუბრობს, თუმცა ირწმუნება, რომ მედია ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა.
„ვინ არის ხარება, არ ვიცნობ მე მაგ ადამიანს" - უთხრა "ტვ პირველს" "ქართული ოცნების" ლიდერმა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა "თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება".
„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს, რომლებსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, ამ შემთხვევაში კახა კალაძე ირწმუნება, რომ ისინი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში.
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზურაბ ხარაზიშვილი "ტვ პირველმა" დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩაწერა.
მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა ხარაზიშვილსჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა თქვა: "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".
მეტიც, "ხარება" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კამერების წინ დაემუქრა. მისი თქმით, ხაბეიშვილს უარესი ელის.