პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა - რას იზამს პრემიერი (რა წერია კანონში)?
საქართველოს პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში რეფერენდუმს დანიშნავს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ის რეფერენდუმის დანიშვნაზე დოკუმენტს ხელს მოაწერს.
როგორი ფორმა ექნება რეფერენდუმის კითხვას, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა გაახმოვანა - "მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა".
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ახლა საჭიროა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით მოსახლეობის მკაფიო პოზიცია რეფერენდუმში აისახოს.
რეფერენდუმის ჩატარების წესს "საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ" არეგულირებს. პრეზიდენტს რეფერენდუმზე განაცხადის გასაკეთებლად სჭირდება არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნა, ამის შემდეგ კი რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
ვის შეუძლია რეფერენდუმში მონაწილეობა:
-
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
რამდენი ხელმოწერაა საჭირო რეფერენდუმის დასანიშნად:
-
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
ვის აქვს აგიტაციის უფლება:
- მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საინიციატივო ჯგუფებს უფლება აქვთ შეუფერხებლად აწარმოონ აგიტაცია რეფერენდუმთან დაკავშირებით, აგრეთვე რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის ირგვლივ.
- რეფერენდუმის ან მასზე გამოტანილი საკითხის შესახებ აგიტაციას არ შეიძლება აწარმოებდნენ სარეფერენდუმო კომისიის წევრები.
- აგიტაცია რეფერენდუმის დღეს დაუშვებელია.
ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები
- საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან.
- ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში.
მუხლი 9. რეფერენდუმის დანიშვნა
- რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
- რეფერენდუმს ამზადებს და ატარებს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია.