"მინდა ვიცოცხლო"- ონკოპაციენტები პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენის პარალელურად აქციას გამართავენ

30.05.24 10:17
"მინდა ვიცოცხლო"- ონკოპაციენტები პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენის პარალელურად აქციას გამართავენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. მიხეილ სარჯველაძე დეპუტატებს მინისტრის საათის ფორმატში შეხვდება და ერთი წლის ანგარიშსს წარადგენს.

მინისტრის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავენ ონკოპაციენტები.

მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო - ეს არის ონკოლოგიური პაციენტების მთავარი გზავნილი მინისტრისთვის.

მძიმე სენით დაავადებული ადამიანები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში არიან გადასულები. ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნა მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება და პაციენტებისთვის ინდივიდუალური მკურნალობის დანერგვაა.

ონკოპაციენტებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა, თუმცა მიხეილ სარჯველაძე ამ კომუნიკაციით სკანდალში გაეხვა - მძიმე სენით დაავადებული ადამიანები მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელენ. ამბობენ, რომ მინისტრი მათ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უყვიროდა და სწორედ ასე   მოითხოვდა, შეეწყვიტათ  მისი კრიტიკა  სატელევიზიო ეთერებში. 

 

მსგავსი სიახლეები