ხელისუფლების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვინც რეკავდა, ჰქონდა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია - ჯავახაძე მუქარის შემცველ ზარზე
"ცდილობდნენ ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას და ხელისუფლების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა" - ამის შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ედო ჯავახაძე "პირველებთან" საუბრობს და მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს.
ჯავახაძე დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველი ზარები ხელისუფლების წახალისების გარეშე ვერ მოხდებოდა, რადგან პირებს, ვინც მას ურეკავდნენ, პერსონალური ინფორმაცია ჰქონდათ, მათ შორის ისეთიც, რაც საჯარო არ არის.
ჯავახაძის თქმით, მას მიმართავდნენ ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით - "ელდარ" - ამ ფორმით მას ახლობლები და ნაცნობები არ მიმართავენ და ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ სამთავრობო უწყებებს აქვთ.
ჯავახაძის გარდა მუქარის შემცველი ზარები შევიდა მისი ოჯახის წევრებთანაც.
ეს ზარები იყო ორი ტიპის: ერთი, პასუხს გთხოვდა თუ რატომ დადიოდი აქციებზე, რატომ იღებდი მონაწილეობას და შემდეგ გადადიოდა მუქარაზე და მეორე ტიპის ზარი იყო, როცა პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიოდა და მუქარას აგრძელებდა.
ბუნებრივია, ამით ცდილობდნენ ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას და ხელისუფლების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა, მას ჰქონდა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია,“ - ამბობს ედო ჯავახაძე.
"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.
"84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე