კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ის - ეუთო/ოდირი რუსულ კანონზე
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს.
ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსული კანონი, მიზნებითა და ფარგლებით "ფუნდამენტურად განსხვავებულია ამერიკული "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა (FARA)" და ავსტრალიის "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტისაგან."
ამასთან, ODIHR -ი წერს, რომ საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად" მოიხსენიებს, "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს არ შეესაბამება".
საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს...
კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს მოიხსენიებს როგორც "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.
ოდირის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ახლადმიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს, რომლებსაც საქართველოში ახალ კანონთან მიმართებით იხსეინიებდნენ. მაგალითად, აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ", - წერია განცხადებაში.