შსს-ს ჩავარდნილი საქმეები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - პროცესები და გამოკითხვების სერია სასამართლოში

31.05.24 17:41
შსს-ს ჩავარდნილი საქმეები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - პროცესები და გამოკითხვების სერია სასამართლოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები თვალსა და ხელს შუა ეშლება. დილიდან საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, თუმცა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვისაც გზის გადაკეტვას ედავებიან, დღეს შსს-ს თანამშრომლებმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.

სწორედ ამიტომ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს თანამშრომლებს მტკიცებულებების წარსადგენად ერთი კვირა მისცა და იძულებული გახდა, საქმის განხილვა გადაედო.  

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვების სერიაც მიმდინარეობს.  

გამოკითხვაზე იმყოფებოდა დღეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ტიტე გედენიძეც.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად შეთითხნილი, მაგრამ ამის მიუხედავად მეგონა, რომ უფრო საინტერესო კითხვებს დასვამდნენ, თუმცა არაფერი საინტერესო აქ არ იყო, სრულიად აბსურდული კითხვები დასვეს, თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. დაკითხვებზე დაბარება არის პირდაპირი მნიშვნელობით დაშინების მცდელობა ახალგაზრდების. მთელი ეს პროცესი - დაკითხვა, საქმის აღძვრა არის სისულელე, ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული.“ - განაცხადა ტიტე გედენიძემ

ამ წუთებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გელა ხასაიას გამოკითხვა მიმდინარეობს.