მაკფოლი: ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია, ქართველმა ხალხმა კი უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის

31.05.24 17:47
მაკფოლი: ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია, ქართველმა ხალხმა კი უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის

"ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ მაიკლ მაკფოლი საუბრობს და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს აფასებს.

რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მთელს მსოფლიოში ექსპანსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, „სამიზნე ქვეყნებისთვის“, პეკინთან თანამშროლობა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

„ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - ამბობს მაკფოლი.

მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოოდ მიღებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ყოფილი ელჩი.

მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ იმ დროს იყო, როცა მოსკოვმა უცხოეთის აგენტის კანონი მიიღო. როგორი ტიპის დემოკრატიად აქცევს საქართველოს "კრემლით შთაგონებული" კანონი, როგორც მას შეერთებული შტატები უწოდებს; რა გავლენას ახდენს ეს კანონი, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე; რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ხედავს თუ არა მსგავსებას, კრემლისა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაში - ამ კითხვებით ელჩ მაკფოლს მივმართეთ და ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას, წარმოგიდგენთ "ტვ პირველზე, შაბათს, 17:30 საათზე, "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემაში, "ხედვა ვაშინგტონიდან".